17 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"ვერ წარმომიდგენია, რა პრობლემას უნდა წარმოადგენდეს რეინჯერის მხრიდან შეკრების მშვიდობიანი უფლების გამოყენება" - გიორგი კლდიაშვილი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, რომელიც ადამიანთა ერთ ნაწილისთვის აქციებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობს, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ინიციატივას მმართველი გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რათა არ მოხდეს არსებული სტანდარტის გაუარესება.

„ჩვენ გვაქვს უკვე პრეცედენტები, როდესაც სასამართლო იღებს სახიფათო გადაწყვეტილებას და პრაქტიკულად ართმევს უფლებას მეტროს მემანქანეებს, რომ ისარგებლონ ამ მინიჭებული უფლებით. ამიტომაც, ამ  პირობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე თავისთავად საკანონმდებლო ცვლილებებს, ის თუ როგორ გასწორდება არსებული რედაქცია კანონმდებლობაში და რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია ამან არ უნდა გააუარესოს სტანდარტი,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმაურება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორიც. გიორგი კლდიაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა ამ ჩამონათვალში თუნდაც რეინჯერი.

„აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის საკმაოდ ხანგრძლივი კულტურა ამ საკითხის და ტრადიცია, რომელიც არსებობს პარტნიორ ქვეყნებში, რომელიც არსებობს დასავლურ სახელმწიფოებში. ვერ წარმომიდგენია, რა პრობლემას უნდა წარმოადგენდეს მაგალითად, იგივე რეინჯერის მხრიდან  მანიფესტაციის და შეკრების მშვიდობიანი უფლების გამოყენება.  ან კიდევ მაგალითად, რომელიმე  სხვა სამსახურის წარმომადგენლის, რომელიც არ უკავშირდება შეიარაღებულ ძალებს ან შსს-ს,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. დოკუმენტის მიხედვით, აქციებში მონაწილეობა შესაძლოა აეკრძალოთ იმ ადამიანებს ვინც ქვეყანაში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს.

ჩამონათვალში მოხვდნენ რეინჯერები, მეხანძრე მაშველები და ბადრაგის თანამშრომლებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები