ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, გამოკითხვაზე იმყოფება.
მაია ნიკოლეიშვილის პროკურატურაში დაბარება 26 მაისს სასამართლო სხდომაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ საქმის პროკურორი ადვოკატისა და ექსპერტის დაშინებას ცდილობდა, იმის გამო რომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა ბრალდების მხარისთვის სასურველი შინაარსის შემცველი არ აღმოჩნდა.
გამოკითხვაზე შესვლამდე მაია ნიკოლეიშვილმა, 26 მაისს საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო იყოს სამართლებრივი. სადაც ყველაფერს აქვს თავის წესი, მტკიცებულება არის, თუ ის ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს ამას შეაფასებს მოსამართლე. პროკურატურა არის მხარე და მე სხვა დროს პროკურორებისგან ასეთი ქცევა არ მინახავს, ეს იყო საოცარი აგრესია. კითხვაზე, როდესაც არ იღებდა პროკურორი სასურველ პასუხს ამ კითხვას სვამდა თავიდან, თავიდან, თითქოს დაღლაზე...
ეს გამოყოლილი, ძველი ჩვევა პროკურორებს ჰქონდათ. მაშინ საპროცესო კოდექსი იყო სხვაგვარი. პროკურორი მაშინ მართლაც სხვა იყო... დღეს არის შეჯიბრებითობა. პროკურორი არის მხარე, არავინ არავისზე მაღლა არ დგას, არავინ არავის არ უნდა აშინებდეს,“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
პროკურორის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დღეს დაიწყო.