26 მაისის საზეიმო ღონისძიებებზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრები არ დაპატიჟეს. ხელისუფლებამ ადამიანები, ვინც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა, არც ერთ საზეიმო ღონისძიებაზე არ დაპატიჟა.
უზენაესი საბჭოს დეპუტატი თენგიზ ჩაჩავა ერთ-ერთია, ვინც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა. ემოციებით უყურებდა შაბათს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს, თუმცა მხოლოდ ტელევიზორიდან.
ნემო ბურჭულაძე იმ პერიოდში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი ხელმოწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მესამეა, თუმცა, 27 წლის შემდეგ საზეიმო ღონისძიებებზე არც ის მიუწვევიათ.
ბეჟან ჯავახიას ერთ-ერთია, ვინც 1991-ში ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დაასრულა. ადამიანები, ვინც საბჭოთა რეჟიმის წინააღდეგ სიცოცხლის ფასად იბრძოდა, დღეს სახელმწიფომ მიატოვა და უკიდურესი სიღატაკისთვის გაწირა.
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მათი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარაა, ნაწილი ემიგრაციაშია. ის მცირე ნაწილი კი, ვინც საქართველოშია დარჩენილი, არავის გახსენებია. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა იმ ადამიანების გარეშე იზეიმა, ვინც ქვეყანას დამოუკიდებლობა დაუბრუნა.