რესტორან „იმერულ ეზოში“ სურსათის უვნებლობის სამსახური შევიდა. არაგეგმიური შემოწმების გადაწყვეტილება უწყებამ გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.
რესტორანში მოწამლული 9 ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით, საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ მათ რესტორანში ერთი და იგივე საკვები მიიღეს.
სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ადამიანების მოწამვლის შესახებ ინფორმაცია სამსახურში 28 მაისს დღის მეორე ნახევარში შევიდა.
უწყების ცნობით, დღევანდელი შემოწმების შედეგად არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
„განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება. ამ შემთხვევაში ვატარებთ არაგეგმიურ ინსპექტირებას, არის შენიშვნები, მაგრამ ისეთი დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა“-აცხადებს სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტ-ინსპექტორი ნიკოლოზ ტყებუჩავა.
რესტორნის საკვებით მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს რესტორნის მეპატრონე.
„ყველანაირად გამოვრიცხავ . ხორცით არ შეიძლება მოწამლულიყვნენ“-ამბობს მეპატრონე იმედა ჯაჯანიძე.
„კურიერის“ ინფორმაციით, რესტორანი გასულ წელს 1000 ლარით იქნა დაჯარიმებული, თუმცა საწარმოო საქმიანობა მხოლოდ ერთი დღით შეუწყდა. თავად რესტორნის მეპატრონე ამ ფაქტს ვერ იხსენებს.