რესტორან „იმერულ ეზოში“ მოწამლული 18 პაციენტი ამ დრომდე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი კი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყველა მათგანმა კლინიკებს, რესტორანში სტუმრობის შემდეგ, ერთი და იგივე სიმპტომებით მიაკითხა. მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზად, საკვები სახელდება.
„სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით ჩვენს დაწესებულებას გუშინ საღამოდან დღევანდელი მდგომარეობის ჩათვლით მომართა 17-მა პაციენტმა. აქედან იყო 5 ბავშვი და 12 მოზრდილი. არც ერთი მათგანი არ გაწერილა ჯერჯერობით. ნაწილი მოთავსდა სტაციონარულ დეპარტამენტში და აგრძელებს მკურნალობას. ხოლო ორი მოზრდილი და სამი ბავშვი იმყოფება ემერჯენსის დეპარტამენტში და იქ აგრძელებს მკურნალობას,“-განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ.
დაზარალებული პაციენტების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მოწამვლის ნიშნები მათ ახლობლებს რესტორნის დატოვებიდან მალევე გამოუვლინდათ. ისინი რესტორნის ადმინისტრაციისგან მკურნალობის თანხების ანაზღაურებას ითხოვენ
“ჩემმა ქალიშვილმა, შვილიშვილმა და სიძემ მიირთვეს მწვადი და ხინკალი. სადღაც სამი საათის შემდეგ დაეწყო ბავშვს პირღებინება. გამოვუძახეთ სასწრაფოს და მოვედით. ძალიან მძიმედ იყო. მოვიდეს დირექტორია თუ ვინც არის პასუხისმგებელი და აუნაზღაუროს ამათ ყველაფერი,“-განაცხადა ერთ-ერთი პაციენტის ახლობელმა გაია ბარამიძემ.
რესტორანი „იმერულ ეზო" უკვე შეამოწმა სურსათის უვნებლობის სამსახურმა. როგორც უწყებაში ამბობენ, ობიექტზე აღმოჩენილია შეუსაბამობები თუმცა არა ისეთი, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა რესტორნის ადმინისტრაცია დაავალდებულა ლაბორატორიულად შეამოწმოს ის ნედლეული, რომლითაც ხინკალი დამზადდა.