აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. საპარლამენტო ოპოზციის წევრები ამბობენ, რომ აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმით, ქვეყნის იმიჯი სერიოზულად დაზარალდა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების წევრებმა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ერთი წლის მანძილზე არც კი განიხილეს.
„პარლამენტში არა თუ დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნეს, ამ კომისიის შექმნის შესახებ საკითხი ერთი წელიწადია ფაქტობრივად დგას დღის წესრიგში და არც კი განიხილეს. იმდენად უფრთხიან ამ თემაზე მსჯელობას. პირდაპირ მიანიშნებს ეს იმაზე, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან დიდი, საერთაშორისო რეზონანსის მქონე დანაშაული და ვერ აიცილებენ თავიდან პასუხისმგებლობას. ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამომჟღავნდება და განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან ხელისუფლების ის დაბალი თუ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ერთი რა ცხადია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა მოხდა.
„ფაქტია, რომ ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოყოლია, არანაირი პასუხი არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე ქართული ოცნებიდან არ ყოფილა. ჩვენ როგოც ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაჩუმებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, თბილისის ცენტრიდან ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია, დღეს პარლამენტის შენობასთან 5 საათზე დაიწყება.