თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია. აქციის მონაწილეებს თავზე შავი ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული, რომელთაც #FreeAfgan ეწერა.
ისინი სავარაუდო ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ ლაპარაკობენ.
სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„რაც დრო გადის, ეს უფრო ცუდად მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე, რეპუტაციაზე, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ცუდად მოქმედებს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ქართული საელმწიფოს იმიჯზე,“- განაცხადა სალაძემ.
აქციას „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძეც შეუერთდა.
„პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ ეს არის მისი პრესტიჟის საქმე და უსწრაფესი გამოძიება მოხდებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ის ეჭვი, რაც თავიდანვე იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ,“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.
აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელი გავიდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი გამოძიების გაჭიანურებასა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა.