ახალი რეგულაციები საბანკო და საფინანსო სექტორში - ცვლილებების მიხედვით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხოლოდ დაგირავებული საგანი დაყადაღდება და სანქცია მოქალაქის სხვა ქონებას არ შეეხება.
ლომბარდებს და ე.წ. მევახშეებს ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება აეკრძალებათ. კერძო ლომბარდებს სახელმწიფო ახალი კომპიუტერული სისტემის დანერგვის ვალდებულებასაც დააკისრებს, სადაც ყველა დაგირავებული ნივთი აღირიცხება. ამ სისტემაზე წვდომა კი მაკონტროლებელ ორგანოს ექნება.
რეგულაციების ახალი პაკეტი დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და ჭარბვალიანობის პრობლემა გადაიჭრება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მომავალ კვირას წარედგინება და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
„კრედიტორს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა თავის მომხმარებელს მოსთხოვოს სხვა ქონება. მეორე პრინციპი უკავშირდება ჯარიმების დარიცხვის დღეს მოქმედ სრულიად უპასუხისმგებლო სისტემას.
"ჯარიმების დარიცხვა მოხდება მხოლოდ დარჩენილი თანხიდან და ის არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილ თანხას 1.5 კოეფიციენტით. მინდა, განვმარტო - იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს სესხი 1000 ლარი, მან გაისტუმრა 800 ლარი, დარჩა 200 ლარი და მოხდა ვადაგადაცილება, კრედიტორს ექნება უფლება მას მოსთხოვოს, მაქსიმუმ, 300 ლარი.
"აღნიშნული წესები იქნება საყოველთაო. ის წესები გავრცელდება ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე და კერძო გამსესხებლებზე," - განაცხადა ბახტაძემ.