მძიმე მოწამვლის დიაგნოზით 18 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში წევს. მათგან ერთის - 11 წლის ბავშვის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის გარდა, კლინიკაში კიდევ ხუთი მცირეწლოვანი მკურნალობს. ისინი მოწამვლას რესტორან იმერულ ეზოს უკავშირებენ.
ნატახტარში, რესტორან იმერულ ეზოში საკვებით მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ.
ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ მათ ობიექტზე ყოველთვის შემოწმებული და ახალი პროდუქტი შედის. მეპატრონე აცხადებს, რომ მის ობიექტზე წლების განმავლობაში არავინ მოწამლულა.
რესტორნის მეპატრონის მტკიცების მიუხედავად, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ იმერული ეზო გასულ წელს დარღვევისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს. კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ობიექტს საწარმოო პრაქტიკაც კი შეუჩერდა.
მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი გუშინ ღამით დაფიქსირდა. მონიტორინგის სამსახური დღეს არაგეგმიურ შემოწმებაზე შევიდა, თუმცა, მათ სამზარეულოში განსაკუთრებული დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
18 ადამიანის მოწამვლაში რესტორნის ბრალეულობა საბოლოოდ მას შემდეგ გამოირიცხება, რაც ამას ხორცპროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევა დაადასტურებს.