სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც კვირას გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მოკლული დავით სარალიძის მამას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„როგორც მე ვარ ამ ხელისუფლებისგან გამწარებული, მე მესმის ყველაზე კარგად მაგის მწუხარება და გულის ტკივილია. აი, ეს იყო მიზეზი ჩემი ჩამოსვლის და სიტყვით გამოსვლის. როცა ვირჩევთ ხელისუფლებას, ვირჩევთ იმის გარანტად, რომ ის არ იქნება სისხლიანი და დაიცავს თავის მოქალაქეებს. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ხელისუფლება სისხლიანია და მას არ შეუძლია გაკონტროლება თავის ქვეყნისა, იძულებული გახდება ადამიანების მასა, რომ გამოვიდეს და მოიყვანოს სხვა მთავრობა. მთავრობას ხალხი ირჩევს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მთავრობა წავიდეს თუ დარჩეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მას სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი სიმართლის დასადგენად მარტო უწევს ბრძოლა და იგივე მდგომარეობაშია ზაზა სარალიძეც.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იმედოვნებს, რომ ზაზა სარალიძე შეძლებს სიმართლის დადგენას და მიაღწევს სამართლიანობის აღდგენას.
„მისი საქმე არის ქუჩაში ჩადენილი ურთიერთკამათის დროს მომხდარი უბედურება, ჩემი პირდაპირ არის სახელმწიფოსთან დაჯახება. მასთან შედარებით, მე გამიჭირდება,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.