„ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებების პროპორციულად და შესაბამისად,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე სკოლის მოსწავლეების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში არიან მოწმეების სახით ისეთი პირები წარმოდგენილი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა, არ სხედან საბრალდებო სკამზე.
„არიან ამ კონკრეტულ საქმეში მთავარი მოწმეების სახით წარმოდგენილი რეალური დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც დღეს გარეთ არიან და ემალებიან გამოძიებას. უფრო სწორედ, გამოძიება განზრახ აფარებს მათ ხელს,“ - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ადვოკატის თქმით სასამართლოზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია და ამ ეტაპზე ბრალდებაც და დაცვის მხარეც წარმოადგენენ დასკვნით სიტყვას. ირაკლი ჩომახაშვილი სამარცხვინოდ აფასებს პროკურატურის ქმედებას, რომელმაც საქმის მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
ადვოკატი გამოეხმაურა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არ არის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.
„შესაბამისად, დარჩა შეკითხვა, ვის მიერ არის ეს ჭრილობები მიყენებული. ეს ხომ არ არის მიყენებული იმ პირების მიერ, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ და მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში,“ - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სრულად გამართლებას არ ითხოვს, თუმცა, ის უნდა დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად.