17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
"არავის სჯერა, რომ ხორავას ქუჩის საქმე იქნება გამოძიებული..."-მოზარდების მკვლელობის საქმე დეპუტატებს შორის კამათის საგანი გახდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული 51 -ე სკოლის მოსწავლეების საქმე პარლამენტის სესიაზე ერთ-ერთი განხილვის საგანი გახდა. საპარლამენტო უმცირესობამ მმართველი გუნდი კონკრეტული პირების ლობირებაში დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის რომან გოცირიძის განცხადებით რეალური დამნაშავეებს პროკურატურა სწორედ პოლიტიკური ნიშნით აფარებს ხელს.

„არავის სჯერა, რომ ეს დანაშაული იქნება გამოძიებული სამართლიანად, ობიექტურად. არ ჯერა იმიტომ, რომ ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ  იქ სადაც იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები  და იქ სადაც იკვეთება ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკების ინტერესები საქართველოში სასამართლოში არასდროს იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. რატომ ხდება ეს?!-იმიტომ ხდება, რომ სასამართლო გაიგდეთ ფეხქვეშ და გახადეთ თქვენი საარჩევნო ინსტრუმენტი,“-განაცადა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ საქმეზე დაზარალებული მხარე აუცილებლად მიაღწევს სამართლიანობას და ამ პროცესს დეპუტატები თვალს მიადევნებენ.

„ვაპირებთ უახლოეს დღეებში, როგორც კი ჩავალთ თბილისში კომიტეტის ფარგლებში შევხვდეთ  მამას და გავიზიაროთ მისი წუხილი კიდევ ერთხელ. ის კითხვები, რომლებიც მას აქვს გავიზიაროთ კიდევ ერთხელ და მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. ასევე გვერდით დავუდგეთ სამართლებრივად და დავეხმაროთ ამ ადმიანს სამართლიანობის აღდგენაში,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმცირესობამ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი უფრო კარგად გაეცნობა საქმეს და მასაც გაუჩნდება კითხვები, რომელიც დაზარალებულ მხარეს აქვს.

„ამ დაძაბულობის განმუხტვისთვის, ამ უნდობლობის განმუხტვისთვის რომელიც დღეს არსებობს პროკურატურის მიმართ ერთადერთი გამოსავალი არის საპარლამენტო კომისიის შექმნა ამიტომ ვფიქრობ აუცილებელია დავიწყოთ კონსულტაციები და თქვენც ჩაიხედეთ ამ საქმეში. თქვენც ნახავთ ამ საქმეში ძალიან ბევრ კითხვას და ვფიქრობ, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი იმიტომ რომ ჯგუფური მკვლელობა ახალგაზრდებისა ეს არის ძალიან სერიოზული,“-განაცხადა სერგო რატიანმა. 

 

დღის ამბები