შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში 200 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის საქართველოც.
ანგარიშში მიმოხილულია რელიგიის კუთხით არსებული ვითარება და შარშან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული დავა მოყვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადაო ჩასწორებების ხელახალი გადახევა მოხდა.
„მმართველმა პარტიამ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც წარმოშვა უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოების მოტივით რელიგიის თავისუფლებას ზღუდავდა. მოგვიანებით პარლამენტმა, რელიგიის თავისუფლების პოტენციურ შეზღუდვაზე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოთქმული შეფასებების საპასუხოდ, სადავო ცვლილებები ხელახლა შეასწორა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლა 2018 წელსაა მოსალოდნელი. პროკურატურის შეტყობინების მიუხედავად, რომ რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული პოტენციური დანაშაულის 7 საქმე გამოიძია, წინა წლების მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა განაცხადეს, რომ მთავრობა რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებაში ეფექტური არ იყო,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობას მხოლოდ მართლმადიდებლური სამლოცველოები აქვს.
„მუსლიმთა საზოგადოების წევრებმა განაცხადეს, რომ მთავრობა არ იყო გამჭვირვალე მეჩეთებთან და მათ მშენებლობებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მუსლიმთა საზოგადოება აგრძელებს დავას სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მეჩეთებზე ქვემო ქართლში, ადიგენსა და აჭარაში,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარმოადგინა. მან ხაზი აღმსარებლობის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა.