სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სესიაზე კამათის საგანი გახდა. საპარლამენტო უმცირესობა საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით სირიის ქმედება, ხელისუფლების არასწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია.
„ეს არის რუსეთის პასუხი იმ პოლიტიკაზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს. რომელსაც რატომღაც პრაგმატული პოლიტიკის სახელით მოიხსენიებთ. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრს ველოდებით რა თქმა უნდა პარლამენტში, რომ პასუხი გასცეს, როგორც იმას, თუ რა ღონისძიებები გატარდა ამ გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად ასევე პასუხი გასცეს იმას, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დრეს საქართველოს სახელმწიფო,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვს "პატრიოტთა ალიანსსაც" ემზარ კვიციანი ეჭვობს, რომ სირიის ეს გადაწყვეტილება რუსეთის გარკვეულ სამომავლო გეგმებს უკავშირდება.
„რატომ მაინც და მაინც ახლა მოხდა ეს და ეს რამე ხაფანგი ხომ არ არის როგორც სჩვევიათ ხოლმე,“-განაცხადა ემზარ კვიციანმა.
„ევროპულ საქართველოში“ კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ილუზიებშია თითქოს მაამებელი წერილები რუსეთთან რაიმეს ცვლის.
„ახალი დიალოგების არხების შემქნა, დათმობები თუ მაამებელი წერილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას რომელიც მას გააჩნია,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ, რაზეც მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ მას კითხვით მიმართა თუ რას ურჩევს ის, ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ.
„რა უნდა გავაკეთოთ, ე.ი. ომი გამოვუცხადოთ რუსეთს თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისარათ, რომ ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მის ამ განცხადებას კი გიგა ბოკერიას პასუხი მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა აქვს თუ არა აკაკი ზოიძეს წვდომა ინტერნეტთან. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ურჩია მმართველი გუნდის დეპუტატს, რომ „ფეისბუქზე“ ნახოს პრორუსული ორგანოების გზავნილი როგორ ემთხვევა მისას.