"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ჩვენთან ვერ შედგა, სახელმწიფო გამოვიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან,“- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, კოტე ჩოკორაიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, პროკურატურამ არ გააკეთა, ის ,რაც უნდა გაეკეთებინა, მიკერძოებულობასთან გვქონდა საქმე, გამჭვირვალობასთან გვქონდა პრობლემები. ამ სახელმწიფომ ის შეცდომები გაიმეორა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით დანაშაულის დაფარვას კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით,“- განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
კონსტიტუციონალისტი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურის რეფორმა უნდა დაიწყოს.
„მთავარი პროკურორის გადადგომა ადასტურებს, რომ იყო ძალიან სერიოზული პრობლემები დაშვებული, ჩვენი ერთი ადამიანის გადგომით სისტემას ვერ შევცვლით, სისტემა უნდა შეიცვალოს,“-განაცხადა ჩოკორაიამ.