დაპირებული მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის შენობასთან დემონსტრაციისთვის ემზადებიან.
აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ ქალაქის ცენტრში ზუსტად 16:00 საათზე დაიწყება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოუწოდებს ყველას, ვისაც სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უსამართლობის განცდა აქვს, მივიდეს დღეს რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად გააპროტესტონ არსებული სისტემა.
„მოთხოვნები რჩება, ისევ და ისევ, იგივე, რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს, დაკავებული უნდა იქნას კონკრეტული პირები. თითქოს, საკენკი გადმოგვიყარეს, სუბელიანის დაკავება რაღაც არარეალურ ფორმალობასთან დაკავშირებით. მარტო სუბელიანი კი არა, ყველა აბსოლუტურად დასაკავებელია, აბსოლუტურად ყველა, ვინც ხელი, იარაღი აღმართა ჩემს შვილზე და ვინც შეეცადა გაყალბებას ამ საქმის,“ - განაცხადა სარალიძემ.
პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები პოლიტიკური ხასიათის მატარებელი არ არის. მისი თქმით, აქცია ხელისუფლებისგან გამწარებული ხალხის პროტესტს გამოხატავს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ კომისიის წევრებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე საერთოდ არ უხსენებიათ.
მაჩალიკაშვილის თქმით, თუ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ მომავალში აქციებს თავად უხელმძღვანელებს მისი შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, გუშინ დააკავა.
სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.