ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.
პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის, მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა პირი ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს, ერთ მათგანს - თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდა.
„მე ვყავდი აყვანილი, მათთვის სასურველად არ ვისაუბრე, ჩვენება არ დავწერე მათთვის სასარგებლოდ და ამის შემდეგ ჩემზე დაიწყო დევნა, რომ ვინც მათთან არ ითანამშრომლებდა, ბევრი რაიმე შეიძლება, აღმოჩენოდა სახლში, ოჯახში. ყველას სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან,“- განაცხადა მოშიმშილე ბექა ჭუმბურიძემ.