დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის ემზადებიან. სასულიერო პირის უფლებადამცველები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები გააცნეს.
მოლოდინი რომ უზენაესი სასამართლო დეკანოზის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს არც ერთ ადვოკატს არ ააქვს, ამიტომ დაკავებული სასულიერო პირის გადაწყვეტილებით საუკუნის საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სარჩელზე მზადება უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება.
„არ გამოვრიცხავთ იმის საჭიროებას,რომ საჭირო გახდეს საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღება“- განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
უზენაესი სასამართლოს მხრიდან გამამართლებელი განაჩენის მიღების იმედი არ აქვს არც იურისტ დავით ჯანდიერს. მისი განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არაერთი დარღვევა იკვეთება, ამიტომ აუცილებელია დაცვის მხარე მოემზადოს სტრასბურგის სასამართლოსთვის.
„გვქონდა ასევე რამდენიმე დღის წინ შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ფაქტობრივად არანაირი იმედის მომცემი სიგნალი არ გვაქვს, რომ ეს საქმე სამართლიანად გადაწყდება მათ შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში და უზენაესი სასამართლო შეასრულებს მის ფუნქციას და გამოასწორებს იმ ათეულობით დარღვევებს და უკანონობას, რომელსაც ამ საქმეში ვაკვირდებოდით, ეს არის მზადება სტრასბურგის სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლად“- ამბობს დავით ჯანდიერი.