7-თვიანი პაუზის შემდეგ წმინდა სინოდის წევრი 46 მღვდელმთავარი პირველად იკრიბება.
წმინდა სინოდის წევრების ერთი ნაწილი პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხს ღიად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
გარდა ამისა, მათ არაერთი იმ კრიტიკული საკითხის განხილვა მოუწევთ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში დაგროვდა.
მათ შორის იქნება კრიზისი საპატრიარქოში და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. სინოდის წევრებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და რუსული ეკლესიისგან გამოყოფას.
როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა, ის ელოდება, რომ პატრიარქი გარკვეულ განმარტებებს გააკეთებს.
„ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. კრება იმიტომ იკრიბება, რომ ეს საკითხები იქნას განხილული. მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებას,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.