პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილს მმართველი გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ. ირაკლი კობახიძის მსგავსად, „ქართული ოცნების’“დეპუტატები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მმართველ გუნდს ჰქონდა სწორი პოზიცია შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი ამის წინააღმდეგი იყო.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, კვირიკაშვილმა შრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრება ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვა.
„როდესაც მიდის შრომის უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა და აპელირება იმაზე, რომ ამისმა გამკაცრებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის გარკვეული თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის არასწორი მიდგომა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის მაშინდელი პოზიციის შედეგები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
„ფაქტებით და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე სურათი იკვეთება და რასაკვირველია, მთავრობას ამასთან დაკავშირებით რადიკალური, გადამჭრელი ზომები უნდა მიეღო, რომ დღეს ეს სურათი არ ჰქონოდა,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.