17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ტრაგედია ვაკეში და დაღუპული 2 მუშა - მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი დაკითხვაზე იმყოფება

ტრაგედია ვაკეში და მშენებლობაზე დაღუპული 2 მუშა - პოლიციაში დაკითხვები დაიწყო. ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში "ხიმინჯ სერვის 2"-ის ხელმძღვანელებს კითხავენ.

სწორედ ეს კომპანია ასრულებდა სამუშაოებს უბედური შემთხვევის ადგილზე და ორივე გარდაცვლილი სწორედ "ხიმინჯ სერვის 2"-ის თანამშრომელი იყო.

შპს „ხიმინჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო.

„პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ - ამბობს ცნობილაძე.

"ხიმინჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს დააჯარიმეს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯარიმა ათას ლარს შეადგენს. 

კომპანიის წარმომადგენლები კი აკრიტიკებენ დამქირავებელ კომპანია "ტრანსმშენს", რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში  მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ვაკეში მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევად მოიხსენიებს ადვოკატი, გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, შემთხვევის დღეს სამუშაოები დასრულებული იყო, თუმცა, არსებულმა გამაგრებამ მიწის დაწოლილ მასას ვერ გაუძლო.

„წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა "ხიმინჯ სერვის 2"-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა,“ - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

ყიფშიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

„ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.

"ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.

ამავე თემაზე
დღის ამბები