კომპანია „ტრანსმშენი,“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, ადგილზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
„ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმები სწორედ აღნიშნულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო.
„ტრანსმშენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ.
„კომპანია "ტრანსმშენი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის 5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები.
"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს.
უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი," რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.