პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც ოპოზიცია კითხვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაუსვამს. კითხვებზე პასუხის გაცემა თამარ ქალდანს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუწევს.
დეპუტატებს აინტერესებთ, რიგითი მოქალაქის უფლებების დაცვის რა გარანტიები არსებობს მაშინ, როდესაც შანტაჟისგან მაღალი თანამდებობის პირიც კი არ არის დაცული.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, თამარ ქალდანს განცხადება არ გაუკეთებია.
დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი ასევე შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებისას ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს. აღნიშნული ინფორმაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა.
„იყო პრობლემები ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიების მხრივ, მასში არსებული პერსონალურ მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტები. რაც დეტალურად არის ასახული ინსპექტორის ანგარიშში,“-განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა.