საქართველოს საპატრიარქო რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში ცვლილებას ითხოვს. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ამის მიზანი „გირჩის“ მიერ შექმნილი ორგანიზაციის - "ბიბლიური თავისუფლებისთვის" გარკვეული შეზღუდვების დაწესებაა.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ გირჩის ორგანიზაცია ფსევდორელიგიურია, ის კანონში არსებული ლაფსუსით სარგებლობს და მას ეკლესიის წინააღმდეგ იყენებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები გიორგი ანდრიაძის ინიციატივით შექმნილ ორგანიზაციასაც უნდა შეეხოს.
საპატრიარქოს მოთხოვნას უკვე გამოეხმაურნენ "ბიბლიური თავისუფლების წევრები.
„საპატრიარქო როგორც ჩვენზე ცდილობდა ადრე გარკვეული იარლიყების მოკერებას, თითქოს ვართ სექტა და არაეროვნული ძალა, ახლა შეიძლება ეცადოს სხვა ეკლესიის მიმართ. ჩემი აზრით, არც კატაკონბური ეკლესია იქნება გამონაკლისი, მათ თუ დასჭირდათ, მზად არიან ნებისმიერი ეკლესიის წინააღმდეგ განახორციელონ რეპრესიები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა რელიგიური კონფესია უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და ჩვენი გამოხატვის თავისუფლება,“-განაცხადა ”საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება” მთავარი მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ.