30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან გვიან ღამით მივიდნენ პოლიტიკოსები, მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„სიმბოლური იყო განსაკუთრებით ღამე მოსვლა აქ, გმირობის ისტორიები სწორედ რამე ამ ადგილას ხდებოდა და მე მინდა ვისურვო, ეს ბრძოლის ისტორია, რომელიც 9 აპრილს დაიწერა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების იდეით დასრულდეს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, 9 აპრილი არის სიმბოლო თავისუფლებისა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთიანობა იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც თავისუფლება ჰქვია და ეს არის სიმბოლური დღე, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უშუალოდ იმ ღამეს და მის შემდეგაც, ამ ადმიანების ხსოვნას, მთელი ერისგან, ქვეყნისგან, ძალიან დიდი პატივი ეკუთვნის,“-ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
9 აპრილის მნიშვნელობასა და დატვირთვაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზიც.
„ეს არის ბრძოლის დღე, ეს არის მოწოდების დღე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რასაც შეეწირნენ 9 აპრილს ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები. ყველაფერი ეს გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 9 აპრილი ჩემთვის არის მოწოდება - ვიბრძოლოთ ბოლომდე და არც ერთ შემთხვევაში ქვეყანა ლებედის დამფინანსებელს არ უნდა ჩავაბაროთ,“-ამბობს კობა ხაბაზი..