პანკისის ხეობაში ამ დროისთვის ვითარება დამშვიდდა. შს მინისტრის და ხეობის უხუცესების შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდება. გადაწყვეტილებას გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობა მიიღებს და მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელმაც ჰესი უნდა ააშენოს, გაგრძელდება საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
შს მინისტრის განცხადების მიუხედავად, მოსახლეობა კვლავ შეკრების ადგილზე რჩება. ჯერჯერობით ხეობიდან არ გასულან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებიც.
სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი, რომელიც შს მინისტრის და უხუცესების შეხვედრას ესწრებოდა ამბობს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბირკიანის ჰესთან დაკავშირებით არის. მისი თქმით, სწორედ მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის დიალოგის არ არსებობამ გამოიწვია დღეს განვითარებული პროცესები.
„ყველაზე მთავარი, ორივე მხრიდან იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს სიტუაცია განმუხტულიყო და არ დაზარალებულიყო მეტი ადამიანი. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ სამინისტრო გაიყვანს სპეციალური დანიშნულების რაზმს ამ ადგილიდან, ასევე უნდა დაიშალონ აქციის მონაწილეები. რაც შეეხება ჰესის მშენებლობის საკითხს, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მოდის ბირკიანის ჰესთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ სოფელშია, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ადგილობრივებისთვის. ამ ჰესის მშენებლობა შეჩერდება ჯერჯერობით, სანამ მოლაპარაკებები არ დაიწყება და ამ ჰესის მშენებლობის მომხრეების რიცხვი ძალიან მაღალ ზღვარს არ მიაღწევს“ - აცხადებს სულხან ბორძიკაშვილი.