17 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"სამოქალაქო ფორმაში, რომლებიც იყვნენ ისროდნენ, იგინებოდნენ და გაღიზიანდა ხალხი" - პანკისში პოლიციის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ

სამართალდამცავებმა პანკისში ის ტერიტორია შემოსაზღვრეს, სადაც ორი დღის წინ შეტაკებები მოხდა. სავარაუდოდ ადგილზე საგამოძიებო ექსპერტიზა ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიციელების ნაწილია გამოკითხული. ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი კი ვინც დაზიანებები მიიღო არავის დაუკითხავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. მათ შორის სახის არეშიც. ადგილობრივები იხსენებენ, რომ სამართალდამცავები მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. დაშავებულების განცხადებითვე, პოლიციელების მხრიდან ადგილზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც იგინებოდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ. 

„ტყვია მომხვდა, ყურზე ჩვენი მხრიდან ქვა მომხვდა. იქიდანაც სამოქალაქო ფორმაში რომლებიც იყვნენ ისროდნენ რა თქმა უნდა. ძაან აგრესიულად, იმათ გამოიწიეს პოლიციამ პირველად. უნდოდათ, რომ დაეშალათ ხალხი და ამის გამო გაღიზიანდნენ. და თან იქიდან სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ვიღაც ვიღაცეები, ახალგაზრდა ბიჭები, იგინებოდნენ ძალიან საზიზღრად და გაღიზიანდა ხალხი. არავის არ დავუკითხივარ მე,“-აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული.

აქციის ერთ-ერთი მოქალაქე იხსენებს იმასაც, რომ პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ადგილობრივების მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა. მისის თქმით, ის სროლის მიუხედავად არ გაჩერდა და პოლიციის მისამართით გააგრძელა გზა რა დროსაც წაიქცა და მას ფიზიკურად სპეცრაზმი გაუსწორდა.

პანკისში ამბობენ, რომ ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკების მიზეზი სწორედ ჰესი გახდა. ჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკებების დროს დაშავდნენ როგორც ადგილობრივები ასევე სპეცრაზმის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ხოლო ადგილობრივებმა სამართალდამცავებს ქვები ესროლეს და მათი კუთვნილი მანქანები დაწვეს.

შს მინისტრმა შეტაკებების დღესვე დააანონსა რომ ამ ინციდენტში მონაწილე დამნაშავე ყველა პირი დაისჯება. 

დღის ამბები