17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
დავით გარეჯთან ვითარება უცვლელია - გზა უდაბნოს მონასტრამდე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს კვლავ ჩაკეტილი აქვთ 

დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე უცვლელია. აზერბაიჯანული მხარე მონასტერში კვლავ არ უშვებს ქართველ მომლოცველებსა და ბერებს.

ისტორიკოსები განვითარებულ მოვლენებში მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, დაგვიანებულია პრობლემის გასაჯაროება და მასზე რეაგირებაც.

ამავდროულად სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პროცესები რუსეთიდან იმართებოდეს.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ყველა გზა უკვე მეოთხე დღეა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. ადგილამდე, სადაც უნიკალური ფრესკები და ქრისტიანული სიწმინდეებია, არავის უშვებენ. გზა სასულიერო პირებისთვისაც ჩაკეტილია.

ექსკლუზიური კადრები „კურიერმა“ გუშინ დილით გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აღდგომის ტაძრამდე ახალი ბილიკი გაჰყავთ. ახალი გზა ქართულ ტაძრამდე აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიდის.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული წერტილი - 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი უკვე ათწლეულებია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ბოლოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ზუსტად 5 დღის წინ, „ევროპა ნოსტრას“ წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და შესვლა სასულიერო პირებსაც აუკრძალეს.

დღის ამბები