პატრიარქის ეპისტოლეს ოპოზიციის წევრები აფასებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ილია მეორემ მის ეპისტოლეში ისაუბრა იმ ცოდვების ჩამონათვალზე, რომელიც ადამიანებს ხელს უშლით, რომ ნორმალურად იცხოვრონ.
„ორი მთავარი რამ იყო ეპისტოლეში. ყველაზე მთავრია ის, რომ აღდგომამ შეცვალა კაცობრიობის წარსული, აწმყო და მომავალი. ზუსტად ისევე როგორც აღდგომამ შეცვალა საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. ბევრჯერ მკვდრეთით აღდგა ჩვენი ქვეყანა, ქრისტეს სიყვარულის და სახარების მადლით. აი, ზუსტად ასევე აღდგება ყველა იმ გასაჭირიდან რაშიც დღეს ვართ. მეორე მნიშვნელოვანი რაც მგონია მე, ჩემი მოკრძალებული აზრით იყო იმ ცოდვების ჩამონათვალი, რომელიც უწმინდესმა ორჯერ გაიმეორა ეპისტოლეში და რომელიც საზოგადოებას და ყველა მის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის თუ არა, ხელს უშლის, რომ ნორმალურად, წესიერად და ერთმანეთის სიყვარულში იცხოვრონ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა ზაალ უდუმაშვილიც. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ გაიაზროს ის მითითებები, რომელიც ეპისტოლეში აღნიშნა პატრიარქმა და შეეცადოს მის გამოსწორებას.
„პატრიარქის ეპისტოლეში ტრადიციულად საუბარია ყველა იმ მანკიერ მხარეებზე და პრობლემაზე, რომელიც დაგროვილია დღეს საზოგადოებაში. ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია რომ გავითვალისწინოთ ყველა ის მოწოდება, რომელიც არის დაწერილი პატრიარქის ეპისტოლეში და შევეცადოთ ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს რათა საზოგადოება გახდეს უფრო ჯანსაღი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.