მწერალთა სახლი გაქურდეს - დაკარგულია დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ზარდახშა და რამდენიმე ლარნაკი.
თანამშრომლებმა დანაკარგის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის მზადება დაიწყეს.
მწერალთა სახლის დირექტორის განმარტებით, შენობას დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავდა, თუმცა მომსახურების გაძვირების შემდეგ თანხის გადახდა ვეღარ შეძლეს, რის გამოც კერძო დაცვა აიყვანეს.
დირექტორის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაცვის თანამშრომელია. მის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდეს, თუმცა იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
"აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვენივე დაცვის წევრი, რომელსაც ებარა ეს ყველაფერი. ვიცით მისი სახელი, გვარი,პირადი ნომერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ,"-ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.