მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დღეისთვის დაგეგმილი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ამ თხოვნით უსაფრთხოების სამსახურს შვილმკვდარი მამის ადვოკატებმა უკვე მიმართეს. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ მაჩალიკაშვილს უწყებაში დღეს 11:00 საათზე მაინც ელოდებიან.
შვილმკვდარი მამა არ გამორიცხავს, რომ ის გამოკითხვის შემდეგ დააკავონ და სუს-ს მისი განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.
უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილთან ერთად, ტერაქტის საშუალებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას აპირებდა. უწყებამ შესაბამისი აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა.
"მე თუ დამაკავეს, აქცია გაგრძელდება. ჩემს ადგილას დადგება ჩემი მეუღლე. ამ ერთ წელიწადში რაც ცდილობენ ჩემს განადგურებას, თემირლანის საქმის გადაფარვას. მე გამანადგურებენ, თემირლანის საქმე განადგურდება, მე ვიქნები - თემირლანის საქმე გაიმარჯვებს,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ტერორისტი არ არის და სუს-ი უდანაშაულო ადამიანებს ტერორისტებად აცხადებს.
"ჩვეულებრივ ადამიანებს ტერორისტებად თუ აცხადებენ, კარგად აქვს ამ უსაფრთხოების სამსახურს საქმე. ტერორისტი ასეთი ადვილი სიტყვაა? მე ეგ სიტყვა მზარავს. ტერორისტობა აქეთ ჩემს ოჯახში მოახდინეს სუს-მა და აქეთ კიდევ შვილი ჩაგვიცხრილეს. რომც დააკავონ მალხაზი, მე დავდგები მალხაზის მაგივრად,"-აცხადებს მედიკო (აიზა) მარგოშვილი.
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი კი მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერში მისი დაკავების საფუძველი არ იკვეთება. ხანგოშვილის თქმით, მთავარია რომ მაჩალიკაშვილს მისი ნათქვამი მოქმედებაში არ მოუყვანია.
"ეს არ არის სისხლის სამართლის ისეთი დანაშაული რომ ამაზე კაცი დაიჭირონ. მე შეიძლება ბევრი რაღაცა ვილაპარაკო, მაგრამ მთავარი არის მოქმედება, შედეგი. თუკი სინამდვილეში სურდა რაღაცა გაეკეთებინა, სათანადო საშუალებებიც ხომ უნდა შეეძინა - იარაღი, ასაფეთქებელი ან ხომ უნდა გამგზავრებულიყო. ეს გამწარებულმა კაცმა რაღაცა თქვა, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია,"-აცხადებს ხასო ხანგოშვილი.