17 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია - პანკისელები სოფელ დუისში ზუსტად 15:00 საათზე შეიკრიბებიან 

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია - პანკისელები ზუსტად 15:00 საათზე, სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად შეიკრიბებიან.

აქციაზე სპეციალური განცხადება გაკეთდება. ადგილობრივების თქმით, ხეობისთვის 19 წლის თემირლანის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებაა უმთავრესი.

მათივე განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით, სუს-ი ვერ შეძლებს ამ თემის გადაფარვას.

„ვიკრიბებით, ეს უბრალოდ იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება. მალხაზ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.  მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგიჟებამდე მიიყვანეს. ამას ნამდვილად ვამჩნევთ, ვხედავთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ამაზე რაიმე სახის რეაგირება. როდესაც ასეთი ქეისებია, თუნდაც როგორიც თემირლანის ქეისია, რა სახის ნდობა შეიძლება გვქონდეს,“-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი.

მხარდამჭერ აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. იმ შემთხვევაში კი თუ გამოკითხვის შემდეგ, შვილმოკლული მამას დააკავებენ, ისინი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლებენ და მალხაზ მაჩალიკაშვილს ჩაანაცვლებენ.

„თუ ჩემი შვილი დააკავეს, მე ნამდვილად ან მთავრობა მომკლავს ან პარლამენტის წინ ვიქნები. სუს-მა, თვით იმათმა იციან, რომ ნამდვილად უდანაშაულოდ მოკლეს ის ბავშვი და კიდევ აწამებენ ამ ჩემს შვილს. ჩემს ოჯახში იარაღი და რამე არ ვიცით, საერთოდ ტერორიზმი რა იყო არ ვიცოდით. თვითონ ისინი არიან ტერორისტები,“-ამბობს მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის დედა ელენე მაჩალიკაშვილი.  

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები