საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება მთავარ გამოწვევად საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს.
კასტანერის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი აღარ იქნება საფრანგეთში თავშესაფრის მიღება. უფრო მეტიც, საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოდან სამედიცინო დახმარების მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ დოსიეების შესწავლის შემდეგ მიიღებს. კასტანერი ამბობს, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დაკმაყოფილება მოხდეს და სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტებს კი საქართველოშიც შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება. შს მინისტრი მთავარ გამოწვევად ასახელებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასაც.
საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც. მისი თქმით, საქართველოსთვის შენგენის სივრცესთან წვდომა მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ არ მოხდა მუშაობა მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაზე, შესაძლოა "ხვალ საქართველოსაც" შეეზღუდოს წვდომა თავისუფალ ევროპასთან.
თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სამ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისმის. პირველი ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ამ სფეროში. უნდა ვებრძოლოთ მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც არც საზღვრებს სცემენ პატივს, არც სამართალს. ასევე მსოფლიოს თვალსაზრისით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს.
განსაკუთრებით აღვნიშნავ არაკანონიერი მიგრაციის შესახებ, იმიტომ რომ საქართველოც არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა სადაცა არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. ქართველებმა იმოგზაურონ ყველგან, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობენ. გამოიხატა სურვილი ორივე მხრის მხრიდან რომ ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას. ეს არის დიდი თავსი ტკივილი, საქართველო პირველია თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის თვალსაზრისით.
საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომაროება ამ მოთხოვნას არ ამართლებს. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან ერთგვარი ანომალიაა. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია მიიღოს ყველა ვისაც სჭირდება დაცვა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ისინი ვინც ოცნებობენ საოცნებო ქვეყანაზე ეს ასე ადვილი არ იქნება.
"ასევე ვისაუბრეთ იმაზე,რომ ამ ადამიანების დაბრუნება მარტივად მოხდეს სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამკურნალო თვალსაზრისით ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს შესაძლებლობა მიიღონ მკურნალობა, ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, რომლებსაც რეალურად სჭირდება საფრანგეთის დახმარება ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა ამას დიდი ადამიანური და სოციალური პრობლემებიც ახლავს, იმიტომ რომ ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს გარკვეული ვადით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან,“-განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.