17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
41 ათასი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი მოიპარეს - დაჯგუფებას საქართველოს მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ

მსოფლიო მასშტაბის სკანდალი და ბოლო დროის ყველზე რეზონანსული კიბერდანაშაული - „კურიერმა“ ამერიკის შეერთებული შტაბების სასამართლოს განჩინება მოიპოვა. საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, ირკვევა, რომ მთელ მსოფლიოში 41 ათასი საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ორმა მოქალაქემ და მათმა თანამზრახველებმა 100 მილიონი დოლარი მოიპარეს.

„კურიერმა“ დაადგინა ჯგუფის ლიდერების ვინაობა - ალექსანდრე კონოვალოვი და მარატ კაზანდჟიანი. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი ვარკეთილში კონოვალოვის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მისი მეზობლების თქმით, ბოლოს ის რამდენიმე დღის წინ ნახეს.

საქართველო პროკურატურა ასაიდუმლოებს, თუმცა „კურიერმა“ დაადგინა, რომ მსოფლიო მასშტაბის სკანდალში ალექსანდრე კონოვალოვი და მისი მეგობარი მარად კაზანჯიანი ფიგურირებენ, ორივე თბილისში ცხოვრობდა და 2015 წლიდან მსოფლიო წამყვანი ბანკების ანგარიშებიდან დიდი რაოდენობით თანხების მოხსნას ცდილობდა.

საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კონოვალოვი, იგივე "ნან-ერთი” დაჯგუფების ლიდერი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის და მისი თანამზრახველები იყენებდნენ ვირუსს, GozNym-ით ისინი კომპიუტერებში შეღწევას, მონაცემების მოპარვას და შემდეგ საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოხსნას ახერხებდნენ.

დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი მარატ კაზანდჟიანი, იგივე "ფენტომი" საქართველოსა და ყახაზეთის ორმაგი მოქალაქეა. ის კიბერშეტევის დროს თბილისში იმყოფებოდა. ალექსანდრე კონოვოლოვის მთავარი ასისტენტი და ტექნიკური ადმინისტრატორი თბილისში 8 მაისს დააკავეს. ამავე დღეს ალექსანდრე კონოვალოვიც დააკავეს. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატების ინფორმაციით, უპრეცედენტო კიბერთავდასხმის საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალს არ აღიარებს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოს ყველა წამყვანი ბანკი კლიენტებს აფრთხილებს, რომ იყვნენ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, მათი ანგარიშები საეჭვო ბმულზე გადასვლის შემთხვევაში გატეხონ და ფული თავდამსხმელების ხელში აღმოჩნდეს. უცნობია, უკავშირდება, თუ მსოფლიო მასშტაბის კიბერთავდასხმას ქართული ბანკების გაფრთხილება.

ამერიკული სასამართლოს დოკუმენტებში ერთადერთი ქართულ ბანკი "ვითიბი" ფიგურირებს, საიდანაც ათი ათასობით დოლარი მოიპარეს. საქართველოს მოქალაქეების, გარდა უპრეცედენტო კიბერთავდასხმის საქმეზე დაკავებულთა შორის არიან ბულგარეთის, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებიც. გამოძიება ამ დრომდე დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრს ეძებს. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები