17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"მიზანია დავაფიქსიროთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" - გიდები დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ 

დავით გარეჯში ვითარება კვლავ გაურკვეველია. ადგილზე ჩასვლას სამოქალაქო აქტივისტების მსგავსად გეგმავენ გიდებიც. მათი შეფასებით, ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საკითხის მოგვარებაში და პრობლემა ორმხრივი მოლაპარაკებით გადაწყდეს.

გიდების ინფორმაციით, დღეს გარეჯში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ჩავლენ. ისინი მათთან ერთად გააპროტესტებენ განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერას გამოხატავენ.

„მიზანი არის მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მხარი დავუჭიროთ აქტივისტებსაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რამენაირად მშვიდობიანად დააფიქსირონ რამდენად მნიშვნელოვანია დავით გარეჯი საქართველოსთვის. ქისტები, ინგუშები, სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის აზერბაიჯანელებიც აპირებენ ჩამოსვლას,“-განაცხადა ერთ-ერთმა გიდმა, ია თაბაგარმა.  

დავით გარეჯის დასაცავად დღეს მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება. ადგილზე ჩასვლას გეგმავენ სასულიერო პირები და მრევლი. ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

აქცია, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ დაგეგმილი მსვლელობის გასაპროტესტებლად იმართება. 

დღის ამბები