დავით გარეჯის დასაცავად დღეს მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. იქ ჩასვლას გეგმავენ სასულიერო პირები, მომლოცველები და სამოქალაქო აქტივისტები.
დავით გარეჯში მსვლელობის გამართვას აპირებენ აზერბაიჯანელები. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა მსვლელობა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმეს.
სასულიერო პირები ღიად მოითხოვენ ხელისუფლებისგან სამონასტრო კომპლექსის დასაცავად სახელმწიფო დონეზე პრინციპული მოლაპარაკებები აწარმოოს.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ძალა ერთობაშიას“ წევრები და გიდები. როგორც "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოლაპარაკებებისას კომპრომისი გამოინახოს და სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს.
„გუშინ ოფიციალური ბაქოს განცხადება იყოს, რომ დავით გარეჯი თურმე გახლავთ აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია. ეს ძალიან მძაფრი განცხადებაა, რომელიც ბუნებრივია აღმაშფოთებელია საქართველოსთვის. მეგობრული სახელმწიფოსგან ძალიან არამეგობრულად ჟღერს. დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ ნიშანი იქნება არამარტო აზერბაიჯანელებისთვის, არამედ ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები, ვიპოვოთ კომპრომისი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ არ დაიძაბოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დათმობის ხარჯზე,“-ამბობს დავით ქაცარავა.
ქაცარავა ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ქართველმა სამართალდამცველებმა მომლოცველები სამონასტრო კომპლექსში არ შეუშვან. ქაცარავა იმედს გამოთქვამს, რომ ეს არ მოხდება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, გადადეს თუ არა აზერბაიჯანელებმა დაანონსებული მსვლელობა.
ბერულავა იმედს გამოთქვამს, რომ მესაზღვრეები მომლოცველებს სამონასტრო კომპლექსში მისასვლელ ყველა გზას გაუხსნიან.