ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. აქცია გლდანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა.
ტაქსის მძღოლები დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, რომელიც ტაქსის ფერის შეცვლას და სხვა დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მსგავსი აქციები მთელ თბილისში ჩატარდება.
ტაქსის მძღოლების პროტესტს სოლიდარობა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ, გამოუცხადა.
„გრძელდება უბან-უბან, ბირჟა-ბირჟა ტაქსისტების გამაფრთხილებელი აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს ის მავნე რეგულაციები, რომელიც დააწესეს და აქედან, გლდანიდან ვუყენებ კალაძეს კიდევ ერთხელ ულტიმატუმს. კეთილს ინებებს, ხელს აიღებს იმ მავნე ზრახვაზე, რომელიც ამ ადამიანებს აკარგვინებს სამუშაო ადგილს, სხვა შემთხვევაში ის დაკარგავს თავს. ის მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.