რუსთავი2 დაბადებული გამარჯვებისთვის! - სამაუწყებლო კომპანიის ისტორია 25 წლის წინ დაიწყო და უკვე საუკუნის მეოთხედია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად იწერება.
ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული ტელეარხი ზუსტად 25 წლის წინ, 1994 წლის პირველ ივნისს, ქალაქ რუსთავის პატარა ოთახში დაიბადა. ზუსტად ეს ადგილი მალე შევარდნაძის ხელისუფლების მთავარ სამიზნედ იქცა, რადგან სწორედ აქედან გამოჩნდა ხელისუფლებისთვის არასასურველი რეალობა.
თუმცა, პირველივე შეტევამ ამ არხს, განადგურების ნაცვლად, ახალი სიცოცხლე აჩუქა - დაიწყო დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის პირველი გამარჯვება და ასე გაჩნდა რუსთავი2 უკვე თბილისში.
რუსთავი2-ს ებრძოდნენ ყველა მეთოდით - ებრძოდნენ სასამართლოს გზით, უშიშროების სამსახურით, ებრძოდნენ ნაღმტყორცნებით და ტყვიებით. ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად კი ძლიერდებოდა თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერების არმია, რუსთავი2-ის მთავარი ძალა, მაყურებელი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სხვადასხვა გზით იცავდა.
რუსთავი2-ს მძიმე წუთები ჰქონდა მაშინ, როდესაც დაიღუპნენ მისი თანამშრომლები. რუსთავი2-ის დამფუძნებლის გარდაცვალებას წინ უძღოდა ახალი შემოტევა რუსთავი2-ის წინააღმდეგ.
ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად ქიბარ ხალვაშის ხელით დაიწყო. 2015 წლის 5 აგვისტოს ტელევიზიის ყოფილმა მეწილემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზუსტად 2 დღეში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი2-ის მთელი ქონება დააყადაღა. სასამართლო პროცესების დაწყების პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ამ ბრძოლას სამართალთან კავშირი არ ჰქონდა.
საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი სასამართლოები რუსთავი2-ის წინააღდეგ ბრძოლის სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები. 2017 წლის 2 მარტს კი უმაღლესმა ინსტანციამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა და დამოუკიდებელი ტელევიზია ქიბარ ხალვაშს გადასცა.
ამას კი საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა და მოსახლეობა სამაუწყებლო კომპანიის დასაცავად ქუჩაში გავიდა. მაყურებელი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვის მცდელობას აქტიურად აპროტესტებდა.
საბრძოლო რეჟიმის პარალელურად რუსთავი2 ისევ ნოვატორია და ისე, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ისევ პირველი ამკვიდრებს სატელევიზიო სივრცეში ყველაზე ახალ იდეებს.