ბნელი საკლასო ოთახები, ჩამოხეული შპალერი, ღრიჭოები კედლებსა და იატაკში, დაზიანებული ჭერი, მტვერი - სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. თავდაპირველად, „პოსტ სკრიპტუმის“ გადამღებ ჯგუფს სკოლის შენობაში არ უშვებდნენ, შემდეგ კი ცოტა ხნით შესვლის ნება მისცეს.
ჰიგიენის, სანიტარიისა და წყლის მიწოდების თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაცია, „სენამ“ საქართველოს მასშტაბით, ათასამდე საჯარო სკოლა შეისწავლა. ისევე როგორც არაფლოში, დანარჩენ სკოლებშიც მძიმე სურათია.
ისევე როგორც დმანისში, ზუგდიდის საჯარო სკოლების საპირფარეშოებშიც ანტისანიტარიაა. ეს მშობლების უკმაყოფილების მიზეზია, ამის გამო მცირეწლოვან შვილებს სკოლის საპირფარეშოში არ უშვებენ. ტენდერებზე საუბრობს სკოლის დირექტორი და სასწავლო წლის დასრულებას ელოდება, რომ ახალი საპირფარეშო მოაწყოს, მანამდე კი ჰიგიენის პირობებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობას ვერ ხედვას.
ანტისანიტარიაა მარნეულის სოფელ ყულარის საჯარო სკოლის საპირფარეშოშიც, ამას ისიც ემატება, რომ ის სამანქანო გზასთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და ღობეც კი არ აქვს. ონკანში წყალი ორი წელია არ მოდის, ყულარის საპირფარეშოს ანტისანიტარია ამითაც არის გამოწვეული.
ავტორი: ნანიკო სისვაძე.