საავტომობილო მოძრაობა საბურთალოს რაიონში პარალიზებულია. მიზეზი ცენტრალური წყალსადენის დაზიანებაა.
წყალმა დატბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები. წყალდიდობის გამო ჩავარდა საავტომობილო გზაც და ავტომობილებიც ჩაიყოლა. ერთი მანქანა კი წყლის ჭავლმა რამდენიმე მეტრის მოშორებით მოისროლა.
„მანქანა მთლიანად ჩაძირული იყო, გადასაგდებია. პარკინგზე იყო გაჩერებული. პარკინგის ადგილზე, სადაც ორმო არის ახლა და ორ მანქანასთან ერთად ჩატანილი იყო ბოლომდე, მიწამ ჩაიტანა ბოლომდე და ჩაიტანა წყალში,“ - ამბობს დაზარალებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი დატბორილი ქუჩა დახვდათ.
წყალმა პირველი სართული დაფარა, მათ შორის, მაღაზიებიც. მათთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიადგათ.
„წყალი მოდიოდა უხვ მდინარესავით და ეს შლამი შემოიტანა აქ,“ - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
მაგისტრალური მილის გასკდომის შედეგად ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და მანქანები დაზიანებულია. წყალმა შეაღწია შენობების პირველ სართულებზე, დაზიანებულია სალონების, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა.