ხმაური სოფელ ქვემო ალვანში - საპროტესტო აქციაზე ადგილობრივები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია თუშეთის გზის გახსნას ითხოვენ, კახეთის გუბერნატორის მოადგილეს დაუპირისპირდნენ.
პროტესტი გივი მეტრეველის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც, ხვალ საგზაო დეპარტამენტს თუშეთის გზაზე სიტუაციის შესაფასებლად გეოლოგები ჩამოჰყავს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საგზაო დეპარტამენტის მოქმედებები დაგვიანებულია და გზის გაწმენდა ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო. მათივე განცხადებით, ვარდება ტურისტული სეზონი და საქონლის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მიმდინარეობს.
ადგილობრივები სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას თუშეთის გზაზე გადმოსული ტბის ნაწილობრივ დასაცლელად სამდღიანი ვადა მისცეს. თუმცა, კახეთის გუბერნატორის მოადგილის თქმით, სამუშაოების დასრულების ვადა უცნობია.