სად მიდის და რაში იხარჯება ჰერალდიკის საბჭოსთვის წელიწადში გამოყოფილი თითქმის ნახევარი მილიონი ლარი. ფლანგვის დეტექტორის მორიგი კვლევის ობიექტი 2008 წელს შექმნილი უწყებაა, რომელიც მედიაპროექტში საკმაოდ არაპოპულარულ უწყებადაც არის მოხსენიებული. ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, მისი ძირითადი საქმიანობა ჰერალდიკურ საკითხებთან მიძღვნილ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლით და „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების” გამოფენით შემოიფარგლება; ხანდახან გაიცემა ჯილდოებიც - წელს ის ვანო ზარდიაშვილმა და დავით მათიკაშვილმა მიიღეს.
"საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად უდის დაახლოებით 423 ათას ლარს და 2008 წლიდან 2019 წლამდე საქართველო ბიუჯეტიდან არის დაახლოებით, 4,7 მილიონი ლარი დახარჯული ამ საქმიანობაში,"-აცხადებს ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი, დავით მჟავანაძე.
"ქართული ოცნების" დეპუტატები ბრალდებას თანხის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, უარყოფენ.
"ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული იქნება, რომ ჰერალდიკის საბჭოსთან შეათანხმოს ამა თუ იმ უნიფორმის, გერბის თუ ასე შემდეგ ცვლილებებით, ამასთან დაკავშირებით დიდი საკანონმდებლო პაკეტი ჩემი და ბატონი დავით მათიკაშვილის ინიცირებით გავიტანეთ და შესაბამისად ჰერალდიკის საბჭომ ჩათვალა რომ უნდა გადმოეცათ ჯილდო. არ მგონია რომ 400 ათასი ლარი წლიური ბიუჯეტი ეს იყოს დიდი მასშტაბის თანხა, იმ საქმიანობისთვის, რასაც ჰერალდიკის სამსახური აკეთებს,"-აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.