გარიგებული მატჩები და მათში მონაწილე ფეხბურთელების მიმართ დაწესებული სანქციები - სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. გუშინ გამართული სხდომა, რომელსაც კომიტეტის წევრებთან ერთად ფეხბურთელების ადვოკატებიც დაესწრნენ, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უფლებადამცველების განცხადებით, სპორტსმენებმა დანაშაული აღიარეს, თუმცა მაპროვოცირებელ ფაქტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
„მცდელობა იყო და გამოვიდა კიდეც, პროვოცირებას ვგულისხმობ, რომ ეს ფეხბურთელები ყოფილიყვნენ ამ სიბინძურეში ჩათრეული და სამწუხაროდ გამოიყენეს ზოგიერთი ფეხბურთელის მატერიალური მდგომარეობა. არ ვამბობთ, რომ ვართ უდანაშაულოები, თუმცა რა იყო მაპროვოცირებელი გარემოება, რატომ გადადგეს ფეხბურთელებმა ეს ნაბიჯი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება,“- განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და სპორტული დავების კომიტეტის ხელმძღვანელის, დავით კიკალეიშვილის თქმით, მათ გადაწყვეტილების მიღება, საფეხბურთო რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ.
„ჩვენი კომიტეტის, ასე ვთქვათ, მთავარი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას იმაზე, რომ მონაწილეობდა თუ არა ეს ხალხი თამაშების მანიპულირებაში, ან მცდელობაში, ყოველ შემთხვევაში. ძირითადი მათი არგუმენტი იყო ის მიზეზები, თუ რატომ მოუწიათ ამ ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილება უდნა მივიღოთ სწორედ ამ საფეხბურთო რეგულაციების გათვალისწინებით,“- განაცხადა კიკალეიშვილმა.