უკრაინის დელეგაციის საგანგებო ვიზიტი თბილისში - პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წევრები, სოციალური მუშაკები, იურისტები და მცირეწლოვანი ბავშვების ბებია, დაკავებული იულია სუსლიაკის შვილების უკრაინაში წასაყვანად ჩამოვიდნენ.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმეზე, დელეგაციის წევრებმა, პროკურატურის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრები უკვე გამართეს.
რამდენიმე კვირის წინ დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, გამოძიება შესაძლო ტრეფიკინგს და არასრულწლოვნებით სავარაუდო ვაჭრობას ედავება. ბავშვების ბებიები „კურიერთან“ ინტერვიუში ჰყვებიან, რომ საქართველოში მომხდარმა შემთხვევამ, მათი ოჯახის რეპუტაციას უკრაინაში დიდი დარტყმა მიაყენა და ახლა დოკუმენტებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ათივე არასრულწლოვანი, იულია და იური სუსლიაკების შვილები არიან, რომლებიც მათ სუროგაციის გზით გააჩინეს.
„ჩამოვედით ერთადერთი მიზნით, რომ წავიყვანოთ ბავშვები უკრაინაში. იმედი გვაქვს, რომ იულიასაც გაათავისუფლებენ და სამშობლოში დაბრუნდება. საკითხზე პროკურატურა მსჯელობს და გადაწყვეტილებას ველოდებით,“-ამბობს იური სუსლიაკის დედა, ემა სუსლიაკი.
იულია სუსლიაკის დედას იმედი აქვს, რომ სასამართლო გაამართლებს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ მის შვილს. უკრაინიდან ჩამოსული ირინა ტროფიმჩუკი იმედს იტოვებს, უკრაინაში შვილიშვილებთან და შვილთან ერთად დაბრუნდება.
„წარმოუდგენელი რამ მოხდა, იულია და იური ნამდვილი მეოჯახეები არიან. მათ არ აინტერესებთ სიმდიდრე და ფუფუნება, მათთვის მთავარი სიმდიდრე მათი შვილებია, ეს მათ არ უნდა დამართნოდათ,“-ამბობს იულია სუსლიაკის დედა.
იულია სუსლიაკის ადვოკატი, რომელიც საქართველოსი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, ამბობს, რომ ბავშვების ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა. ის ბავშვების გადაცემასთან ერთად, იულია სუსლიაკის უდანაშაულოდ ცნობას და გათავისუფლებას ითხოვს.
„ჩემი უმთავრესი ამოცანაა, ბავშვების უკრაინაში ექსტრადირება, საუბარია ათივე ბავშვზე, ოფიციალური მოთხოვნა უკრაინულმა მხარემ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. გვითხრეს, რომ პასუხი იქნება ხვალ და ველოდებით, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. ასევე ველოდებით იულია სუსლიაკის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რადგან ბრალდებები უსაფუძვლოა“-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი, იური ანდრიევი.
იულია სუსლიაკის ქართველი ადვოკატი კი ამბობს, რომ საქართველოში მყოფ ბავშვების ბებიებს, უკრაინის კანონმდებლობით ბავშვებზე მეურვეობა ოფიციალურად აქვთ აღებული. ზურაბ თოდუას თქმით, უკრაინიდან ჩამოსულები არიან ოფიციალური პირები, ასევე ჩამოსულია ექიმი და სოციალური მუშაკი.