17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე რაც თქვა, ჭეშმარიტებაა - კალანდიას სკანდალური განცხადება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხელ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია "კარტების" გახსნით იმუქრება. კალანდია ამბობს, რომ მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ცნობილ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე სიმართლეს ამბობდა.

ლუკა კალანდია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ფარულ ჩანაწერში, რომელიც ავთენტურობაც ჯერ პროკურატურას დადგენილი არ აქვს ნამდვილად მისი ბიძა, მირზა სუბელიანი მონაწილეობს. 

საუბარია ფარულ ჩანაწერზე, რომელიც "რუსთავი2"-მა გასული წლის ოქტომბერში მოიპოვა და  გაავრცელა. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოწმე მოზარდები გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლუკა კალანდიას თქმით, ის, მისი ძმა და მამა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სცემა. კალანდიას თქმით, მაღალჩინოსნის სახელს საჭიროების შემთხვევაში დაასახელებენ. ამბობს იმასაც, რომ ეს მაღალჩინოსანი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოიკითხა. 

„პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გავაჟღერებთ. მან პირადად სცემა მამაჩემი. ჭეშმარიტებას საუბრობს მირზა, ზუსტად ასე იყო, წაგვიყვანეს იძალადეს ჩვენზე ფიზიკურად. არასრულწლოვან ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მამაჩემზე და ჩემზე არმაქვს საერთოდ საუბარი. მთელი ღამე აქ ვიყავით. პერიოდულად ძალადობდნენ.  იმ მიზნით, რომ ჩვენებაზე ხელი მოგვეწერა დედის და არასრულწლოვანი დის დაჭერით გვემუქრებოდნენ,“- ამბობს კალანდია.

მისი თქმით, საქმის გამოძიებისას პროკურორები და ყველა სხვა საქმეში მონაწილე პირი ადასტურებდა, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულო იყო.

„სანამ დავიკითხებოდით, როგორც წესი მოითხოვს ადვოკატთან ერთად შევხვდით პროკურორებს მტკიცებულებების გაცვლის მიზნით და ყველა ყოველთვის აფიქსირებდა იმ პოზიციას, რომ მიხეილ კალანდია იყო უდანაშაულო და ეს ჭეშმარიტება, რაც რეალურად ჭეშმარიტებაა და ჩემთვისაც ცნობილია, რასაც პროკურატურა ცდილობდა, რომ გაეტანა უნდა დამტკიცებულიყო,“-ამბობს კალანდია.

მისი თქმით, ვინც მათზე ძალადობდა ყველას პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

შეგახსენებთ, ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ კალანდიებს სამართალდამცველები.

"სუბელიანი - ...მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ-მეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. 

სუბელიანი - კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს,"-ამბობს სუბელიანი, რომელიც ფარულ ჩანაწერში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ მასსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის კონკრეტული გარიგება შედგა. მისი თქმით, გარიგების თანახმად ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა.  სუბელიანი ჩანაწერში აზუსტებს,რომ ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

"სუბელიანი - მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა,"-ამბობს სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სამართლდამცველებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

დღის ამბები