17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - სოფელ სალიბაურის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით, სოფელს თვეზე მეტია სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად   წლების განმავლობაში მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. ისინი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ხელვაჩაურის მერის საქმიანობის გაკონტროლებას სთხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე კორუფციაშია გახვეული.  მათი განმარტებით,  წყლის პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია დახარჯული, თუმცა უშედეგოდ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონი დაიხარჯა მოსახლეობას ერთ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება. დღეს იძულებული გახდა მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან მოსულიყო. სად წავიდა ეს 5 მილიონი უნდა გაარკვიოს რიჟვაძემ და რაც შეიძლება მალე ამ მოსახლეობას წყალი უნდა  აღუდგინოს, რადგანაც უმოქმედო და უუნარო მერი ამ საკითხს ვერ წყვეტს და ნუ გახდება ამ უუნარობის და კორუფციის თანამონაწილე თორნიკე რიჟვაძე,“- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.

დღის ამბები