17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ზეწოლის ახალი ტალღა მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ - შვილმოკლული მამა მუქარისშემცველ ანონიმურ ზარებს იღებს

ზეწოლა და მუქარის ახალი ტალღა მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის წინ, ოჯახის წინააღმდეგ, რომელსაც 19 წლის შვილი საწოლში ჩაუცხრილეს ანონიმური ზარები გააქტიურდა.

შვილმოკლული მამა მუქარის შემცველ ზარებს თითქმის ყოველდღიურად იღებს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც, მისი და მისი ძმისშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ მუქარების უკან ხელისუფლება დგას. ის ჰყვება, რომ ტელეფონზე უცხო ნომრებიდან ურეკავენ და შუამავლებს ხელისუფლების სახელით უგზავნიან. ყველა ითხოვს, დაშალოს კარვები და შეწყვიტოს პროტესტი.  

ზეწოლა შვილმოკლულ მამაზე, შესაძლოა ერთ-ერთი ეპიზოდი გახდეს იმ 800-ს გვერდიან საქმეში, რომელიც სტრასბურგში დღეს გაიგზავნა. მალხაზ მაჩალიკაშვილი, იზა მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. სარჩელი ამ სათაურით, ფოსტას დღეს ჩააბარეს და რამდენიმე დღეში ის უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევა.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, რომელმაც დოკუმენტებზე იმუშავა ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშილების მიმართ ევროკონვენცია რამდენიმე მუხლით დაირღვა და ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, რომელიც წელიწადნახევარია არ გამოიძია, პასუხის გაცემა უკვე ევროსასამართლოსთვის მოუწევს.

საქმეში, რომელიც ევროსასამართლოში გაიგზავნა, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, სამედიცინო დახმარება გვიან აღმოუჩინეს, რამაც მისი მდგომაროება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. სარჩელში ოჯახის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობაზეც არის საუბარი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები