17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ინციდენტი ახალქალაქში - შსს მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს

ინციდენტი ახალქალაქში - შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ორი პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს მძღოლი, მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს კი, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა  "jnews"  ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც დაპირისპირებას ასახავს. ვიდეომასალის მიხედვით, სამართალდამცველებმა მამაკაცი ავტომობლიდან გადმოათრიეს, და მისი დაკავება სცადეს. მამაკაცი სამართალდამცველებს ხელბორკილების დადების საშუალებას არ აძლევს. 

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებულ მოტოციკლთან, "მერსედესის" მარკის ავტომობილი გაჩერდა და სამართალდამცველებს ჰკითხა თუ რაში იყო საქმე. თვითმხილველი გამოცემასთან ჰყვება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას გზის გაგრძელება სთხოვეს, მას შემდეგ კი, რაც მამაკაცმა კიდევ რაღაც იკითხა, პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს. 

ვიდეომასალაში ჩანს, რომ მამაკაცი სამართალდამცველებს მიწაზე ჰყავთ დაწვენილი და მისთვის ბორკილების დადებას ცდილობენ. ის სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევს. 

დღის ამბები