16 წლის გოგო ამტკიცებს, რომ მეზობელმა და ამავე დროს ნათესავმა მამაკაცმა გააუპატიურა. არასრულწლოვანი ორსულობას 9 თვის განმავლობაში ისე მალავდა, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებმა მხოლოდ მშობიარობის დღეს გაიგეს. 16 წლის გოგო სკოლაში ცუდად გახდა და მუცლის ძლიერი ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ორსულად იყო და რამდენიმე საათში ბავშვი გააჩინა.
სამშობიარო ბლოკიდან გამოსულმა არასრულწლოვანმა მშობლებს უთხრა, რომ მეზობელმა მამაკაცმა ის გააუპატიურა და თან დაემუქრა, რომ თუ ძალადობის ამბავს გაამხელდა, ოჯახის წევრებს დაუხოცავდა.
მამაკაცი, რომელსაც სკოლის მოსწავლე გაუპატიურებაში ადანაშაულებს, არასრუწლოვანი გოგონას ნათესავია, მეზობელ სახლში ცხოვრობს და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. გოგონას ოჯახი მეზობლის დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოკვლით იმუქრება.
მეზობელი, რომელსაც 16 წლის გოგო ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს. ის არასრულწლოვნის ოჯახს შანტაჟსა და ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს. მამაკაცი „კურიერის“ კამერის წინ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ამბობს, რომ თუ ექსპერტიზა გოგონასთან სექსუალური კავშირის ამბავს დაადგენს მაშინ ბავშვს უპატრონებს.
16 წლის გოგონა ამბობს, რომ გასაჩუმებლად ოქრო შესთავაზეს. კაცი კი, რომელსაც ის ძალადობაში ადანაშაულებს, ირწმუნება, რომ არასრულწლოვნის ოჯახმა საქმის მოსაგვარებლად მას გოგოს სახლში წაყვანა და მის 14 წლის ვაჟიშვილზე დანიშვნაც შესთავაზა.
სკოლაში, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა, ამბობენ, რომ გოგონას ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. დირექტორი ირწმუნება, რომ ის მოწესრიგებული მოსწავლეა და სკოლას არ აცდენდა. არასრუწლოვანი დედის შესახებ მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეიტყვეს სოციალურმა მუშაკებმაც.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და საქმის ფიგურანტები დაკითხული, თუმცა დაკავებული არავინაა. დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზაც.
ავტორი: ია გულიაშვილი