17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გახდეს ნული - გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებს საპენსიო რეფორმა გააცნო

გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს იწყებს - ამის შესახებ განცხადება, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრის დროს გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პენსიონერები სახელმწიფოს მხრიდან კაბალურ პირობებში იმყოფებიან.

ვაშაძის თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე გაჟღერდება, სწორედ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ძირეული რეფორმა იქნება.

„საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს სიტუაცია აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე და ბავშვებზე. როდესაც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს  ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება გეგონება პენსიონერები ან პენსიის გაცემა ხელისუფლების ან საზოგადეობის კეთილი ნება არის. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ ქვეყანას ქმნიდა, ეკონომიკას ქმნიდა და ამ საზოგადოებას ქმნიდა. და თუ ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად არ შევასრულებთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება ნორმალური. 400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ისედაც მწირი პენსია პენსიონერს არც სურსათზე ჰყოფნის, არც მედიკამენტებზე ჰყოფნის და არც ის დაგვავიწყდეს რომ საქართველოში, ძალიან ბევრ პატარა ქალაქებსა და სოფლებში პენსიონერების პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ "ლიბერთი ბანკი", რომელიც გასცემს პენსიას და ამ პენსიით უზრუნველყოფილ სესხს, საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით სამჯერ მეტი აქვს და ის 36%-ს შეადგენს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს პენსიონერებს.

„გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და გახდეს ნული პროცენტი და ეს სესხის გაცემისთვის დადგენილი მომსახურეობის ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ, საკმარისი არის რამდენიც ამ 7 წლის განმავლობაში ამ კომერციულმა სტრუქტურებმა ძარცვეს პენსიონერები,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა პენსიონერს, რომელსაც ამ დრომდე პროცენტების სახით დიდი ოდენობის თანხა ჩამოეჭრა, უკან უნდა დაუბრუნდეს.

დღის ამბები